English / ქართული / русский /
მაია სოსელია თამარი ბეგდარაშვილი
ფირმათა ადაპტაციული სტრატეგია

ანოტაცია. ფირმათა ადაპტაციული სტრატეგია ნაწილობრივ გარანტად მიიჩნევა მომავალი წარმატებისათვის. ის სერიოზული იარაღია თანამედროვე უმკაცრესი კონკურენციის პირობებში. ადაპტაციური მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობა იყო საწარმოს ადაპტაციის სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მოქმედებების სხვადასხვა ალტერნატივას და ეს იღებს ერთგვარი სამოქმედო გეგმის სახეს. მსგავსი გეგმა შემუშავებულია საწარმოს მიერ ცვავლებად ბიზნეს გარემოსთან შესაგუებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ყველაფერი მიმართულია ფირმის როგორც კონკურენტუნარიანობის ასევე მაღალი ფინანსური მომგებიანობის უზრუნველსაყობად და ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო გასამტკიცებლად.

საკვანძო სიტყვები: ადაპტაციური მენეჯმენტი, სტრატეგია, ბიზნეს გარემო, კონკურენტუნარიანობა, ფირმა, ეკონომიკური სუბიექტი. 

შესავალი

დღესდღეობით ეკონომიკის განვითარების ეტაპებს თან სდევს საკმაოდ რთული და მრავალმხრივი პროცესები, რაც თავის მხრივ გამოიხატება ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესსა და ახალი ტექნოლოგიური წყობის ჩამოყალიბებაში. ამის პარალელურად მუდმივად იზრდება ხელმისაწვდომი რესურსების დეფიციტი და მომხმარებელთა მოთხოვნები და პრიორიტეტებიც გამუდმებით იცვლება. სწორედ ამ ყველაფერმა უბიძგა ფირმებს ეზრუნათ გრძელვადიან მომავალზე, უზრუნველყოთ მდგრადი და ეფექტიანი განვითარება, რაც თავის მხრივ განისაზღვრება უნარით - რაც შეიძლება სწრაფად მოახდინო ადაპტაცია გარემოს მხრიდან გენერირებულ ცვლილებებზე.

ფირმის ადაპტაციური მენეჯმენტის შემუშავების პრობლემა.

არსებული პრობლემის რაობა ფირმებისგან მოითხოვს სტრატეგიულ მიზნობრივ ორიენტაციას და გარე ფაქტორების გავლენის სიღრმისეულ და არასტანდარტულ დიაგნოსტიკას.  უფრო მეტიც, ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა განისაზღვროს თანამედროვე ადაპტაციური მენეჯმენტის კონკრეტული მეთოდები და მიდგომები და პირველ რიგში მათი გამოყენების აუცილებლობა.

ჩვენ ვიზიარებთ იდეას, რომ თანამედროვე ეკონომიკურ პირობებში ფირმის ეფექტიანი მართვის წინაპირობაა მისი ელემენტებისა და ქვესისტემების მყისიერი ადაპტაცია გარემო ცვლილებებისადმი. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მენეჯმენტის ეს სისტემა სრულყოფილად არ არის შესწავლილი და დამუშავებული. როგორც წესი, ყურადღება გამახვილებულია უფრო მეტად ცალკეულ ელემენტებზე და არაა გათვალისწინებული მათი სისტემური ურთიერთკავშირი. ამ საკითხის სასწაფი შესწავლა აუცილებელია, რათა შედეგად არ მივიღოთ არა მხოლოდ ცალკეული ფირმების გაკოტრება, არამედ სრული დესტაბილიზაცია და ეკონომიკის რეცესია.

გარე ფაქტორების არასტაბილურობა მოითხოვს სწრაფი მობილობის უნარს, მოქნილობას და სრულ მზაობას დაკმაყოფილდეს ბაზრის ცვალებადი მოთხოვნილებები. რომ შევაჯამოთ - საბაზრო სიტუაციის ცლილებებზე დროული და ადეკვატური რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფირმების გადასარჩენად და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ, საბაზრო პირობებთან ადაპტაცია შეიძლება განვიხილოთ როგოროც ტექნოლოგიური, ორგანიზაციული, ტექნიკური და ეკონომიკური მოქნილობის უზრუნველყოფა.

ადაპტაციური მენეჯმენტის შემუშავებისათვის ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ფირმის ტექნოლოგიასა და ორგანიზაციის სრტუქტურას, არამედ მნიშნელოვანია მისი ფინანსური მდგომარეობა, გასაღების ქსელი, მარკეტინგული სტრატეგია და მსგავსი დეტალები. მსგავსი დამოკიდებულება ორი შედეგის მომტანია: ერთი - ნარჩუნდება ეფექტიანი წარმოება და მეორე - ყალიბდება ცვლილებებისადმი ადაპტაციის ფუნქციები.

აქვე უნდა ითქვას, რომ ადაპტაციურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ღონისძიებების შემუშავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები სრულყოფილად არაა შესწავლილი. ასევე არ არსებობს თეორიის ყოვლისმომცველი დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს. ასევე არ არის გამოყოფილი მისი სახეები, ტიპები, მიმართულებები და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ - არ არსებობს ადაპტაციური მენეჯმენტის კომპლექსური სისტემა.

რადგან კლასიფიკაცია და კლასიფიკატორთა გამოვლენა ადაპტაციის მოვლენის უკეთ შესწავლისთვის უპირობო პროცესია, შევეცადეთ კლასიფიკაციის სისტემის სინთეზირებას. კლასიფიკაცია მომავალში დაგვეხმარება ადაპტაციის მრავალმხრივი პროცესის უკეთ აღქმაში და გაამარტივებს დაკვირვების პროცესს დასკვნების გამოსატანად.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფირმის ადაპტაცია საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული მისსავე მოქნილობასთან და ხშირ შემთხვევაში სინონიმებადაც აღიქვამენ. რეალურად, ამ ორ ტერმინს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. ადაპტაცია თავის მხრივ უფრო ფართო და ყოვლისმომცველია ვიდრე მოქნილობა. ის გულისხმობს მიზნებისათვის გარემომცველი გარემოს შეცვლის უნარსაც მაშინ როდესაც მოქნილობა ცვალებად პირობებთან შეგუებასთან ასოცირდება. ადაპტაცია თავის თავში მოიცავს მოქნილობას, ხოლო თავად „ადაპტაციის პროცესი“ აერთიანებს ისეთ საქმიანობებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია: შედეგებისკენ სწრაფვა; ადაპტაციური ღონისძიებების ერთობლიობის განხორციელების ვადების მკაცრი შეზღუდულობა; სხვადასხვა დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება.

ადაპტაციის მიმართულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია განვავრცოთ საკითხი და ადაპტაციის მიმართულებები ადაპტაციის სახეებში გავაერთიანოთ და გამოვყოთ შემდეგი ტიპები: ორგანიზაციულ-მმართველობითი; ეკონომიკური; ტექნიკურ-ტექნოლოგიური; სოცილურ-შრომითი; და არატრადიციული. საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებების გაერთიანებითა და  გაანალიზებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ადაპტაციის პროცესი საჭიროების შემთხვევაში შემდეგი სამი ძირითადი ეტაპია ფირმისათვის: გადარჩენა, სტაბილური მდგომარეობა და მდგრადი განვითარება. ეს არის გზა - კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა და ძველი გარემოს აურის შექმნის მიზნის დასახვა. პირველ ეტაპზე ხდება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა და შესაფერისი წინაპირობების უზრუნველყოფა მომავალი სტაბილიზაციისათვის, რათა მზად იყო გარემოს ნემისმიერი ცვლილებისათვის. შემდგომ უკვე დინამიკური წონასწორობა მიიღწევა და ბოლოს მივდივართ სასურველ შედეგამდე - მიიღწევა გრძელვადიანი დაბალანსებული ზრდა. ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც მიმართულია ლიდერული კონკურენტული პოზიციის უზრუნველსაყოფად.

გრძელვადიანი კონკურენტული პოზიცია თავისთავად ყველა ფირმის მიზანია, ნიშნავს მაქსიმალურად ეფექტიან ფუნქციონირებას და შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური სუბიექტების მდგრადობის პირობებში. ეკონომიკური სუბიექტის, როგორც სისტემის მდგრადობა - ეს არის პირველ რიგში გარემოსთან ადაპტაციის დახმარებით პოზიციების შენარჩუნება და ასევე ბაზარზე გრძელვადიანი არსებობის გარანტი. თუმცა, აქვე უნდა ითქვას დამატებით ისიც, რომ მდგრადობაც და განვითარებაც ცვალებად გარე ფაქტორებთან მიმართებით ფირმის შიდა ცვლილებების ადეკვატურობის ფუნქციებს წარმოადგენენ.

დასკვნა

ფირმათა ადაპტაციისადმი მიძღვნილი ნაშრომები არასაკმარისია საკითხის განსაზოგადებლად და ზოგადად ადაპტაციის პროცესიც არ არის ბოლომდე სრულყოფილად შესწავლილი. მისი აუცილებობა საბუთდება იმით, რომ ფირმებს რეალურად საკმაოდ ცვალებად გარმოში უწევს საქმიანობა და ადაპტაცია მათთვის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გადარჩენისთვის. წარმატებული საქმიანობისათვის ფირმებმა პირველ რიგში უნდა შეიმუშავონ ადაპტაციური მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბების მეთოდოლოგიური საფუძვლები, შექმნან ამ სისტემის მუშაობის სტრუქტურა, შეისწავლონ ფუნქციები და ამოცანები და მთელი ამ თავმოყრილი ინფორმაციის გადამუშავებით მიაღწიონ დასახულ შედეგებს - სტაბილურობასა და კონკურენტულ უპირატესობას გარემო ფაქტორების მაღალი გაურკვევლობის ხარისხის პირობებში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Matthew Baker, Making the (Business) Case for Adaptive Management: Three Tips from the Private Sector, Learning Lab, July 2017;
  2. Brian Nyberg (1999), An Introductory Guide to Adaptive Management (for Project Leaders and Participants), Canada;
  3. Аакер, Д. Стратегическое рыночное управление / Д. Аакер.  СПб. :Питер, 2007. - 496 с
  4. Андерсон, Б. Бизнес-процессы. Инструменты совершенствования. / Б.Андерсон. -М.: Стандарты и качество, 2007. - 272 с.
  5. Медынский, В. Г. Инновационный менеджмент: учебник / В.Г.Медынский. - М.: ИНФРА-М, 2002